რწმენის აქტი

წყარო : https://aikidotakemusu.org/acte-de-foi/

ეძღვნება მას, ვინც აქ თავს შეიცნობს.

რწმენას მთების გადადგმა შეუძლია. ნიცშე ამბობდა, რწმენას იქ შეუძლია მთების აღმართვა, სადაც ისინი არ არისო. მაგრამ ამჯერად ამ რწმენას არ ვგულისხმობ.

ეკლეზიასტედან ჰეგელამდე და ჩვენამდე “ის, რაც იყო, იქნება, ის მოხდა, კვლავაც მოხდება და არაფერია ახალი ამ მზის ქვეშ”. ჩვენი სიცოცხლეები მარადიული დაბრუნების ნაკადში ეწერებიან.

უცვლელ ციკლში ჩვენ ვაჩენთ შვილებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენი წინაპარივით ვიცით – ჩვენ მათ ვწირავთ ტკივილისა და ტანჯვისთვის, რაც ბუნებრივად ახლავს თან ადამიანთა ცხოვრების გზას.

თუ სიკვდილს გვერდზე გადავდებთ, ტკივილი ყველაზე დიდი მახასიათებელია ადამიანის ცხოვრებისა და როდესაც წამით შევჩერდებით დასაფიქრებლად, სწორედ უსასრულო ტკივილი გვხვდება ყველგან, ურიცხვი ფორმით, სწორედ ამ ძაფითაა ნაქსოვი ადამიანთა სამყარო.

სინამდვილეში საკმაოდ ცოტა არსებითი შეკითხვა თუ არსებობს. აზრი, რომელიც უნდა მიანიჭო ან არა ამ ტკივილს, ერთადერთია. არის ის ბრმა და ყოველგვარ მნიშვნელობას მოკლებული, არის ის ჩვენთვის შემთხვევითობა, ყოფიერების უბრალო მოდალობა, როგორიცაა ტყის თავზე წამოსული წვიმა და ქარი? თუ აქვს მას რაიმე მიზეზი, საფუძველი, რომელიც ჩვენ მხედველობიდან გვისხლტება?

მე არ მაქვს პრეტენზია, რომ აქ გავცემ პასუხს იმ შეკითხვას, რომელიც საფუძვლად დაედო მეტაფიზიკურ და რელოგიურ აზროვნებას ბოლო ექვსი ათასწლეულის მანძილზე, უბრალოდ ერთი თვალსაზრისი მინდა წარმოგიდგინოთ.

უფრო სამართლიანი სამყაროსკენ სწრაფვა არის მიზანი, რომელიც ხელს ვერ შეუშლის ტკივილს, დარჩეს ჩვენი არსებობის მიმართებად. ის უვნებელი გამოვა ამ მდელობიდან, იმიტომ რომ იგი არ არის დამოკიდებული შემთხვევითობაზე, ჩვენი არასრულყოფილი საზოგადოებების მიერ განვლილ გზაზე, რომლის გასწორებაც საკმარისი გახდებოდა ადამიანთა ყოფის საყოველთაო გაუმჯობესებისათვის. ტანჯვა-ტკივილი უზენაესი გრძნობაა, რომლის განცდაც ძალუძს ადამიანს და სწორედ ამის გამოა იგი აუცილებელი ადამიანის სულისთვის, რომელსაც სჭირდება ეს შეგრძნება საკუთარი სრულყოფის მისაღწევად, როგორც ყვავილს სჭირდება წყალი.

ოსკარ უაილდს, მაგალითად, არ შეუქმნია თავისი ცხოვრების შედევრი ლონდონის ლიტერატურული წრეების კომფორტსა და სალაღობო ადგილებში, არამედ ციხის წიაღში, სადაც მთლიანად განადგურდა მისი ცხოვრება და სადაც ქაღალდი არ ჰყოფნიდა საწერად. მისი საუკეთესო და, ამავდროულად, უკანასკნელი პოემა, „რედინგის ციხის ბალადა“, ტკივილისაგან იშვა. ამ ნაწარმოების სრულქმნილი სილამაზე და ღრმა თანაგრძნობა, რომლითაც თითოეული სიტყვაა გაჟღენთილი, ყველაზე საშინელი ტანჯვიდანაა გამოსული, რაც კი ასეთი ბუნების ადამიანმა შეიძლება განიცადოს. სიღრმისეულად, “De profundis” უნდა წაიკითხო, თუ გინდა, რომ ამაზე აზრი შეიქმნა.

უაილდის ტანჯვას შეიძლება ბოღმა და შურისძიების სურვილი აღეძრა. იმისათვის, რომ მას პირიქით, სილამაზე და სიყვარული გამოეხატა, საჭირო გახდა, რომ მისთვის თავისი კალამი ეთხოვებინა და თავისი სული მიენდო. ამ მინდობას ვუწოდებ მე რწმენის აქტს, იმიტომ რომ რაღაც მომენტში, თავისი ტანჯვის შემოქმედებითი ძალა რომ ეღიარებინა, ის იძულებული გახდა აღარ გაჰქცეოდა ამ სატანჯველს, იძულებული გახდა ნდობა გამოეცხადებინა მისთვის, მაშინ როცა რაციონალურად არაფერი ეწეოდა მას ამგვარი რამის შეგრძნობისაკენ.

სამყარო იმგვარადაა გაწონასწორებული, რომ ყველაზე სასტიკი ბედისწერის გულში აუცილებლად ძევს შესაძლო გარდაქმნის მაცვალი. ხოლო ჩვენთვის სამარადჟამოდ მოსჯილი სატანჯველის ყველაზე ღრმა ადგილას მარგალიტივითაა მოკალათებული ტრანსფორმაციისა და ამ სატანჯველისთვის აზრის მიცემის ეს შესაძლებლობა. მისთვის აზრის მიცემა კი მის მისაღებად აქცევს.

შევარდენი ვერ ადის ჰაერში აეროდინამიკის კანონების საწინააღმდეგოდ, ის იმიტომ აფრინდება ხოლმე, რომ ემორჩილება იმ ელემენტის კანონებს, რომელიც მას ატარებს. როგორც ჰაერი ატარებს ფრინველს, ისე ატარებს ტანჯვა ადამიანს და ასევე აამაღლებს მას, თუკი ადამიანი გულს გაუხსნის მის კანონებს.

თუ ვინმეს სატანჯველის ნაკლებად აბსტრაქტული სიმბოლო უნდა, რომელიც ყველა ნამდვილი ქმნილებისთვისაა აუცილებელი, უნდა დაესწროს ადამიანის დაბადებას. ვგულისხმობ ადამიანის ბუნებრივ დაბადებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალმა უნდა დაბადოს ბავშვი საკუთარი სხეულის ჭინთვებით გატანჯულმა.

როდესაც ახალგაზრდა დედა პირველად იყვანს ხელში თავის ბაიას, ყველა ტკივილი, რომელიც იქამდე გამოიარა და განიცადა, წამში ქრება მისი მზერის დაუვიწყარ ნათელში. თუმცა ამ განთავისუფლება მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ტკივილის ინტენსივობასთან, რომელიც წამით ადრე ასატან ზღვრამდე უკეთებდა დეფორმაციას მის მუცელს, დაკავშირებულია მის არაერთ კვნესასა და ქვითინთან. ასეთ დღეს მხოლოდ ბავშვი არ იბადება, ნორჩი გოგონა ქრება და მის ადგილას ქალი ჩნდება, სწორედ ტანჯვა-ტკივილი შობს მას.

სილამაზეს ფასი აქვს, როდესაც ადამიანთა ღრმა ჭეშმარიტებას ეხება.

ამის გვერდით, ცხადია, აუტანელი ტკივიც არსებობს, ისეთი, როგორიც ანადგურებს სიცოცხლეს, თვრამეტი წლის ბავშვის ტკივილი, რომელიც ტირის და დედას უძახის, როცა გამოფატრული წევს ადამიანთა ბრძოლისა და სისულელის ველზე, არსებობს უკურნებელი დაავადებები და, ბოლოს, არის ბავშვთა სიკვდილიანობა.

ამის გადატანა მტკივნეულია და ასეთი ტკვილი ხანდახან სიკვდილსაც იწვევს. ნუთუ ამ დროს რამე ცოდვა გვაქვს გამოსასყიდი, რამე შეცდომა გვაქვს ჩადენილი და ამისთვის ვზღავთ? ნუთუ ჩვენი უბედურება გადასახურდავებელი ფულია?

მე ამისი არაფერი გამეგება, მაგრამ ვამბობ, რომ ტანჯვა ადამიანისთვის დატოვებული სივრცეც არის, სადაც შეუძლია ღმერთებს დაეტოლოს. ტანჯვა-ტკივილი საშუალებაცაა ადამიანისთვის, რომ მყისიერი ინტერესების ფარგლებს გასცდეს, რომ იოლი სიამოვნებებითა და გარეგანი სილამაზით არ დაკმაყოფილდეს. ტკივილი გვთავაზობს სილამაზეს, რომელიც შუქში ვერ იფურჩქნება და მხოლოდ ბნელ და სატანჯველით სავსე მომენტებში ყვავის. მაგრამ ის ვერ აყვავდება, თუ ადამიანს არ სწამს, რომ სწორედ ასეთ მომენტებში მოიპოვება მისი სულის საზრდო.

ესაა ქრისტიანობა? არც ეს ვიცი. ყოველ შემთხვევაში, აქ არ არის იდეა, თითქოს რამე ღირებულება უნდა მივანიჭოთ ტკივილს და რომ უნდა ვეძებოთ ის ჩვენი მხსნელი თვისებების გულისთვის. მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იდეა ნამდვილად იდო ქრისტეს სწავლებაში?

შეცდომა იქნებოდა ამ ხედვისთვის იდეალიზმის იარლიყის მიწებება. პირიქით, ესაა სრულიად შეულამაზაებლად განხილვა იმ სამყაროს რეალობისა, რომლის ცნებები სიკეთისა და ბოროტების შესახებ რტულ ასახსნელია. იგულისხმება სულის გამოღვიძება იმ სამყაროს წარმოდგენისას, სადაც ჰარმონია ურთიერთშემავსებელი ძალების წონასწორობით მიიღწევა, რომლის გააზრებაც მორალურ თვალსაზრისს არ შეუძლია, სენტიმენტალურ თვალსაზრისს კიდევ უფრო ნაკლებად.

აი მოსაზრება, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც ფატალიზმის, ან სულაც, ცინიზმის ერთგვარი ფორმა, მაგრამ ის გასაგები იქნება აიკიდოში მოვარჯიშისათვის, რომელსაც შეიძლება აქამდე ვერ გაეგო, საით ვუმიზნებდი ამ მოსაზრებებით და რომელსაც ეგონა, რომ ჩემი ეს სიტყვა მიმართული იყო სხვისკენ და არა სწორედაც მისკენ.

რადგან განა საპირისპიროთა ეფემერული ძალების მიერ დამყარებული ჰარმონია არ არის თვით აიკიდოს განსაზღვრება? განა ეს აიკიდოს თითოეული მოძრაობის პირობა არ არის, რომ ის თავად ცხოვრების პარადიგმაზე, კოსმოსურ მოდელზე იყოს კალკირებული, სადაც იზანამისა და იზანაგის ძალები წონასწორდება ყველაფრის უწყვეტი გარდაქმნის პროცესში? ამგვარი მოდელის ერთადერთი მყარი და უცვლელი მოცემულობა ზუსტადაც ცვლილებისა და არაპერმანენტულობის უშრეტი მდინარეა, ცნობილი “მოტივტივე ხიდია”, რომელზე შედგომასაც გვირჩევს ო-სენსეი.

რაც შეეხება ტკივილს, ის პოულობს თავის ადგილს აიკიდოში, ისევე როგორც სხვაგან. ოფლი, ზოგჯერ ცრემლები, ფიზიკური ტკივილი და გაურკვევლობა, იმის არცდნით ტანჯვა, რასაც ეძებს ადამიანი. თუმცა მოძებნიდა განა ადამიანი იმას, რაც არ იცის, თუკი ეცოდინებოდა, რასაც ეძებს? და რა საჭიროა იმის ძებნა, რაც არ ვიცით, როდესაც არც კი ვიცით, რომ არ ვიცით? ამ უკანასკნელ შეკითხვას ერთადერთი პასუხი აქვს და ესაა რწმენა.

ამგვარი სანაძლეოთი აიკიდოში მოვარჯიშე ემსგავსება მწერალს, რომელიც მართლაც არ წერს იმისათვის, რომ ფორმაში მოაქციოს ის რასაც უკვე ფიქრობს, იმის საპირისპიროდ, რაც ჰგონია ხალხს, რომელიც არ წერს, მარამ იმის საპოვნელად, რასაც ის ჯერ არ ფიქრობს, იმის აღმოსაჩენად, რისიც მას არაფერი გაეგება და რომელმაც უნდა ილაპარაკოს თავის თავიდან გამომდინარე. რადგან ის, რასაც ლაპრაკი ნიშნავს, არის, რომ არ შეიძლება რამე რამეს ნიშნავდეს ლაპარაკის გარეშე, ხოლო თუ არაფრის თქმა არ სურთ, მხოლოდ ის შეიძლება ვიფიქროთ, რომ ლაპარაკში რამე აუცილებლად იქნება ნაგულისხმები.

მაშასადამე, აიკიდოში მოვარჯიშის ნაბიჯები – გააზრებულის აქვს თუ არა მას ეს ამბავი – აუცილებლად რწმენის აქტია, ნდობაა იმ ამბის მიმართ, რომ მან უნდა იწვალოს, რათა თავისი გონებისა და სხეულის გავლით ლაპარაკის საშუალება მისცეს ტაკემუსუს სასწაულებრივ თავისებურებებს, რომლის შესახებაც მას ბუნდოვანი წარმოდგენაც არა აქვს. აბა როგორ იქნებოდა სხვაინაირად, როგორ გადაწყვეტდა რამეს ეს მარადიული დამწყები საქმის არსში, თუკი მას სულ უმცირესი მინიშნებაც კი არა აქვს, რომელიც საშუალებას მისცემდა ის საოცრებები წარმოედგინა, რომელთა სწავლასაც ის ცოტა ხნით ადრე შეუდგა?

ტაკემუსუს ღრმა აზრი, რომელიც მისივე იდეოგრამებიდან გამომდინარეობს, შემდეგია:

‘მუსუ’ კავშირი, ერთიანობაა და, ამავე დროს, ისიცაა, რაც ამ ერთიანობიდან იშვება,

‘ტაკე’ იგივე ბუდოს ‘ბუ’-ა, ეს საბრძოლო პრაქტიკაა,

მაშასადამე ტაკემუსუ არის ის, რაც უდა გაერთანდეს საბრძოლო პრაქტიკაში, იმისათვის, რომ შვას

და მართლაც, აიკიდოს “ღვთაებრივი ილეთები” ფორმას იძენს ინისა და იანის დახვეწილი დავშირისაგან, იმავე ძალების მსგავსად, რომლებიც განაპირობებს, რომ ბავშვი მამაკაცისა და ქალისაგან ჩნდება.

სამყაროს მასშტაბით ეს ორივე დაბადება ერთნაირად ეფემერულია. მათი სილამაზე სრულყოფილი წონასწორობის მომენტის ჯადოა, რომელიც ამ მოკლე წამის დადგომისათვის აუცილებელ ტკივილს მოაქვს. მოკლედ, მაგრამ არსებითად, ყოველ ადამიანს შეუძლია დაივიწყოს დრო, რომელიც არაფერია მარადისობასთან შედარებით და ბოდლერის მსგავსად განაცხადოს :ჩემს სიყვარულს, თუმც გადაგვარებულს, მაინც შევუნარჩუნე ღვთაებრივი ფორმა და შინაარსი.

ფილიპ ვოარინო

მარუბრა, 11 ნოემბერი 2019