სოტო კაიტენ ნაგე

სტატიის დედანი

სოტო კაიტენ ნაგე მეთოდის იმ ერთი სავარჯიშოთაგანია, რომელიც პირდაპირ გამოყენებადია რეალობაში ჯგუფური შეტევის დროს.

ის მართლაც აძლევს საშუალებას ტორის, შევიდეს წინა მარჯვენა ან მარცხენა კუთხეში, უკეს ჩაჭიდების მიხედვით, დატოვოს მოწინააღმდეგეთა შეტევების ცენტრი, სადაც ის იდგა და, ყურადღების გადატანის მიზნით, უკე იმავე მოძრაობით დააგდოს.

ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ტორი 180°-ით შემოტრიალდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრუნვა შესრულდეს კოკიუს შეგრძნებით (ტეკატანას, მჭრელი ხელის გამოყენებით), რათა გააკონტროლოს და წონასწორობა დააკარგინოს უკეს. საიტო სენსეი ამაზე ყურადღებას ამახვილებს ამ ვიდეოში.

წინა ფეხის უკან გაწევა, რაც მეორე თვლაზე ხდება, საშუალებას გვაძლევს ქვევით ჩავიყვანოთ უკე და მისი კეფის ზედა ნაწილი გავაკონტროლოთ. ის უნდა შესრულდეს კუთხით, ესაა უკეს წონასწორობიდან გამოყვანის პირობა. თუკი ნაბიჯს პირდაპირ უკან, უკეს დგომის პარალელურად გადავდგამთ, ეს უკანასკნელი არ დაკარგავს წონასწორობას და გაუჩნდება სურვილი, შეწყვიტოს მაჯის ჩავლება. საიტო სენსეის მიერ გამოყენებული კუთხე მკაფიოდ ჩანს ვიდეოში, ის დაახლოებით 45°-ია.

დაბოლოს, ამ საიტზე არაერთხელ გაგვიმეორებია, რომ აიკიდოს ყოველგვარ მოძრაობას აუცილებლად უკანა ფეხით მიწოლა განაპირობებს და რომ ეს მიწოლა შესაძლებელია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც უკანა ფეხი რჩება ადგილზე ამ მოქმედების დროს. ასევეა, მაგალითად, კენის მეორე სუბურის დროს, სადაც ჯერ წინ კი არ უნდა წავდგათ უკანა ფეხი და შემდეგ ვჭრათ, არამედ პირიქით, ჯერ უნდა ვჭრათ და შემდეგ გადავდგათ ფეხი წინ. ფეხის წინ გადადგმა საჭიროზე უფრო ადრე სხეულს ღიას და დაუცველს ხდის და ჭრას ყოველგვარ ძალას აცლის. ვიდეოში, ზუსტი კოორდინაციის განმარტებისას, საიტო სენსეის ბრაზიანი ჟესტიდან (ზენზენ დამე) ჩანს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ამას მის სწავლებაში. უკანა ფეხი წინ იდგმება, ბუნებრივია, ოღონდ თავის დროზე, როდესაც მას დამრტყმელი თეძოების ტრიალი აწვება წინ. დროზე ადრე უკანა ფეხის წინ გადადგმა უმსხვილესი შეცდომაა აიკიდოში, შეცდომა, რომელიც სიცოცხლის ფასად შეიძლება დაჯდეს რეალური მოქმედებისას.

აქ დავუმატებ საიტო სენსეის პირად შენიშვნას ამ სემინარის დროს, რომელსაც მე გავუწიე ორგანიზება მისთვის. ის ძალიან ერთობოდა მოვარჯიშეთა ქცევაზე: “ფილიპ, – მითხრა იმ საღამოს, როცა სასტუმროს ლიფტში შევდიოდით და თან განვლილ დღეზე ვფიქრობდით, – თუ აიკიდო ვეღარ გამოდგება საფრთხეში ჩავარდნილი ადამიანის გადასარჩენად, მაშინ ის არ გამოდგება აღარაფერში“. დანიელ ბობოტიც იდგა იმ ლიფტში და მან მითარგმნა ეს სიტყვები. ეს იყო ოცდაათი წლის წინ, თანამედროვე აიკიდო უკვე შემოსული იყო ტატამზე და საიტო სენსეი ძალიან წუხდა ამაზე.

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის ივლისი.