IRIMI-TENKAN_OMOTE-URA

ირიმი ტენკანი და ომოტე ურა – ხრახნი

სტატიის დედანი

ინჟინერი არ გახლავართ და აქ ვლაპარაკობ ფენომენზე, კერძოდ, კავიტაციაზე, რომელსაც მხოლოდ შორიდან ვიცნობ. ამიტომ შემისწორეთ, თუ რამეში შევცდები.

კავიტაცია ამა თუ იმ  ნივთიერებაში გაზის ბუშტუკების ან  ორთქლის გაჩენაა ატმოსფერულ წნევასთან ერთად (მაგალითად, წყალში), რომელიც მის გაზოვან ფაზასა და თხევად ფაზას შორის არსებულ წონასწორობას გააქრობს. წონასწორობის ამ დარღვევას წნევის ვარდნა იწვევს.

სწორედ ასე შეუძლია წყალქვეშა ნავს გააჩინოს ბუშტუკები ძალიან ღრმა წყლებში : წყალი ბუყბუყამდე მიჰყავს არა მაღალ სიცხეს, არამედ ხრახნისაგან წარმოქმნილ წნევის ვარდნას. ხრახნს ეს იმიტომ შეუძლია, რომ თითოეული მისი ფრთა იმგვარადაა გამოჩარხული, რომ ფრთის შიდა მხარე წყალში წნევას აჩენს, მაშინ როცა ამავე ფრთის გარეთა მხარე წნევას უგდებს წყალს. წნევის აწევისა და ვარდნის ეს მჭიდრო კავშირი წყალქვეშა ნავის წინსვლისათვის აუცილებელ ენერგიას წარმოშობს.

ადამიანს თეძოები ისე აქვს ხერხემლის გარშემო, როგორც ხრახნის ფრთებია ღერძის გარშემო : ყოველთვის, როგორც კი ერთი თეძო მიწოლით წარმოქმნის წნევას, საპირისპირო თეძო ქვევით აგდებს წნევას, და პირუკუ. აიკიდო წნევის წარმომშობ თეძოს ირიმის უწოდებს, ამავე  წნევის დამგდებს კი ტენკანს.

ისევე, როგორც წნევის ვარდნა წყალში წონასწორობას არღვევს გაზის ფაზასა და თხევად ფაზას შორის, აიკიდოში ტენკანის მიერ წნევის ეს დაგდება წონასწორობას აკარგინებს მოწინააღმდეგის სხეულს. აიკიდოს ტექნიკა მდგომარეობს იმაში, რომ იგი ტენკანის თეძოს მიერ გამოწვეული წნევის ვარდნის საშუალებით აიტეს სიცარიელეში შეისრუტავს და ირიმის თეძოსაგან წარმოქმილ წნევასთან ერთობლიობაში ძირს აგდებს მას. ამ პროცესში ორივე თეძო თანასწორად მოქმედებს, არც ერთ მათგანს უპირატესობა არა აქვს მეორეზე და ისინი ერთმანეთზეა დამოკიდებული. თეძოების ეს ურთიერთშემავსებელი ბრუნვა აიკიდოს მოქმედების პრინციპის პირველი ხილული გამოვლინებაა, თუ გნებავთ, ინისა და იანის პირველი ხილული გამოვლინება, გამოვლინება, რომელიც ურყევად ემორჩილება ფიზიკის კანონებს.

ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ომოტე და ურა მხარეებთან, რომლებითაც შეიძლება ადამიანმა ესა თუ ის ილეთი შეასრულოს. ომოტე და ურა ილეთის მოდალობაა და მეტი არაფერი, რაც მხოლოდ მეორე თვლაზე იჩენს თავს და რომელიც ვერ იარსებებდა, თუკი მოქმედების პრინციპი არ იქნებოდა ამუშავებული პირველ თვლაზე. ომოტე და ურა ირიმისა და ტენკანის მოქმედების ორი შედეგია, ისინი სრულიად შემთხვევით ჩნდება, იმ გარემოებათა მიხედვით, რომელთაც ესა თუ ის შესაძლებლობა მოითხოვს. და ისინი საერთოდ არ ჩნდება ზოგიერთ შემთხვევაში, რომლებშიც ეს შედარებითი სხვაობები არ მოიძევვება (მაგალითად, არ არსებობს ირიმი ნაგე ომოტე და ირიმი ნაგე ურა, ირიმი ნაგე ირიმი ნაგეა, მარად თანაბარი და თანსწორი და ის ყოველთვის მოწინააღმდეგის ზურსუკან სრულდება). ომოტესა და ურასგან განსხვავებით, ირიმი-ტენკანის მოქმედების პრინციპი ყველაფერზე წინ არსებობს, ის პიველადია, მხოლოდ თავის თავზეა დამოკიდებული, ის საკუთარი თავის სათავეა, ის თავად სათავეა.

გასაოცარია და დღეს აიკიდოს ყველაზე მაღალ დონეზე ისწავლება, რომ ირიმი-ტენკანის წყვილი და ომოტე-ურას წყვილი სინონიმებია და სხვა არაფერი და რომ ისინი ურთიერთჩანაცვლებადია ! მე ვიცნობ ტაკემუსუს სწავლების ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირს სკანდინავიის ქვეყნებში, რომელმაც განაცხადა, ირიმი და ტენკანი მოძველებული და ხმარებიდან გადასული ტერმინებია – მოდიდან გადასულიც კი – რომლებსაც ოდესღაც ხმარობდნენ ომოტესა და ურას აღსანიშნავად და ახლა მათი ხმარება უკვე შეუსაბამოაო. ამიერიდან ისინი ომოტეთი და ურათი უნდა ჩავანაცვლოთო… გაუმარჯოს ბუნდოვანებას, გაუმარჯოს თანამედროვეობას!

ფილიპ ვოარინო, 2019 წლის მაისი.