კატატე დორი კოკიუ ნაგე

https://aikidotakemusu.org/katate-dori-kokyu-nage/

ის სამი ილეთი, რომელსაც საიტო სენსეი გვაჩვენებს აქ, მკაცრი ილეთებია, ილეთები, რომლებიც ბრძოლის ველიდან მოწინააღმდეგის ჩამოსაშორებლად გვადგება. ამ ილეთებს დაიტო რიუში იპოვით და უდაოა, რომ აიკიდოში გამოყენებული ფორმების დიდი რაოდენობა სათავეს სწორედ ტაკედების ოჯახის წინაპართა ხელოვნებიდან იღებს. თუმცა ყურადღება მივაქციოთ, რომ ეს მხოლოდ ფორმის დეტალებს, ილეთის გარეგან მხარეს შეეხება.

მართლაც, ფუნდამენტური განსხვავება, რომელიც სოკაკუ ტაკედასა და მორიჰეი უეშიბას ხელოვნებებს შორის არსებობს, ტერფების საწყის პოზიციაში (ჰანმი) მდგომარეობს და გადაადგილების სამუშაოში, რაც ამის შედეგს წარმოაგდენს: ეს იგივე ილეთებია, რომლებიც გამოიყენება, ოღონდ სხეულის სრულიად განსხვავებული მოძრაობით. როდესაც ო-სენსეიმ აიკიდოს გზა გაუხსნა, დაიტო რიუს ტერფების კვადრატული პოზიცია (შიკაკუ) მიატოვა და სამკუთხა პოზიცია, ჰანმი (სანკაკუ) შემოიღო. სწორედ აქაა არსებითი განმასხვავებელი წერტილი აიკიდოსა და დაიტო რიუს შორის (შდრ. “საპასუხო წერილი ოლივიე გორენს” ამ მტკიცებასთან დაკავშირებული დეტალური არგუმენტაციისთვის).

საიტო სენსეი ამ ვიდეოში მოძრაობებს ავასეში (კი ნო ნაგარე), – სხვაგვარად რომ ითქვას – პარტნიორთან ჰარმონიზაციის დინამიურ მოძრაობაში აჩვენებს. მართლაც, ამ სტადიაზე პარტნიორი გვყავს და არა მოწინააღმდეგე. სასწავლო სავარჯიშოებს მოწინააღმდეგესთან არ იმეორებენ, ამის გაკეთება მხოლოდ მოვარჯიშე პარტნიორთან შეიძლება. აქ ნაჩვენები, კი ნო ნაგარეში შესრულებული კოკიუ ნაგეს სავარჯიშო მოწინააღმდეგის გაუვნებელყოფისათვის განკუთვნილი სამი საბრძოლო ფორმის ბაზაა. აიკიდო ერთ-ერთი შინბუდოა (ახალი ბუდო), რომელსაც ფესვები ძველი იაპონური ბუდოს (კობუდო) წიაღში აქვს გადგმული, თუმცა თავისი ბუნებით ძველი საბრძოლო ხელოვნებების არსებითად პრაგმატულ და უტილიტარულ ხასიათს აღემატება. ჭეშმარიტი აიკიდო მართლაც შეიძლება ერთნაირად იქნეს გამოყენებული როგორც სულიერების კვლევაში, ისე ბრძოლაში. სამაგიეროდ, სპორტული ბუდო, რომელიც დღეს ბოროტად იყენებს აიკიდოს სახელწოდებას, სხვა არაფერია, თუ არა იაპონური ფოლკლორის ფერებიანი ტანვარჯიში და ვერასდროს გამოდგება ვერც სულიერი კვლევისთვის და ვერც ბრძოლისთვის.

ფილიპ ვოარინო, აგვისტო 2019.