დოჯოს მოწყობის შესახებ

ტრადიციულად, დოჯო ორიენტაციის გარკვეულ წესებს ექვემდებარება. საპატიო მხარე, კამიზა (პირდაპირი მნიშვნელობით, „ზედა მხარე“) ჩრდილოეთისკენ არის მიმართული და სწორედ კამიზასთან ზურგით (ანუ სახით სამხრეთისკენ) ჯდება სენსეი. კამიზა მთავარი კედელია, მეორენაირად „შომენსაც“ უწოდებენ და სწორედ ამ კედელთან არის აიკიდოს ფუძემდებლის, ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას სურათი და სხვადასხვა კალიგრაფიები. ამ ორიენტაციას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. სამხრეთისკენ სახით მჯდომი მასწავლებელი მზის სინათლეს პირდაპირ იღებს, რაც ცოდნას წარმოადგენს. შიმოზასკენ (სამხრეთით, პირდაპირი მნიშვნელობით „ქვედა მხარე“) მსხდომი მოწაფეები ზურგით არიან სინათლესთან და სინათლე (ანუ ცოდნა) მათთან, ასევე სიმბოლურად, სენსეიზე არეკვლის შედეგად მოდის.

მოწაფეებიც გარკვეული წესების გათვალისწინებით არიან ჩამწკრივებული: ისინი სიძველის, მოცემულ დოჯოში სტაჟის, ან, თუ საჭიროა, ასაკის მიხედვით სხდებიან. როდესაც სენსეი სახით მოწაფეებისკენ ზის, ძველები მისგან მარცხნივ, ანუ ჯოსეკისკენ (აღმოსავლეთით, ამ კედელზევე ინახება სავარჯიშო იარაღი), დამწყებები კი დასავლეთისკენ, ანუ შიმოსეკისკენ სხედან (ასევე დასავლეთით სხდებიან გაკვეთილზე დასასწრებად მოსული სტუმრები). სიმბოლიკა აქაც მნიშვნელოვანია: სემპაიები (ძველი მოწაფეები) ამომავალი მზის მხარეს არიან. ისინი ნელ-ნელა იწყებენ დისციპლინის მთავარი პრინციპების გაცნობიერებას და ცოდნისკენ მიმავალი გზა ეხსნებათ, მაშინ როცა დასავლეთისკენ მსხდარი კოჰაიები (ახალგაზრდა მოწაფეები) ჩრდილში არიან და ცოდნასთან მისასვლელი ჯერ გახსნილი არა აქვთ.

ამგვარი განლაგება საშუალებას აძლევს სენსეის, დამწყებები ჰყავდეს იმ მხარეს, რომელი ხელითაც ვიღებთ ხოლმე ხმალს ქარქაშიდან. გარკვეულ ეპოქებში, იაპონიაში, ასეთი სიფრთხილე სულაც არ იყო ზედმეტი ხმლის სკოლებში.

ისტორიული ახსნა აქვს იმ ამბავსაც, თუ რატომ სხდებოდნენ მოწვეული სტუმრები დასავლეთისკენ, ესე იგი დამწყებთა მხარეს. როდესაც მრავალი კონკურენტი სკოლა არსებობდა, სტუმრების დასმა დამწყებებთან ახლოს და ძველებისგან შორს, სხვა სკოლებიდან შემოგზავნილ ევენტუალურ ჯაშუშებს მოცემული დოჯოს განსაკუთრებული ილეთების დანახვას და მოპარვას ურთულებდა (იმხანად ყველა ტექნიკა საიდუმლოდ ისწავლებოდა). დამსწრეთა არსებობის შემთხვევაში, ამავე მიზეზით სენსეი კატებს დარბაზის აღმოსავლეთ მხარეს აკეთებდა და არა ცენტრში.

თუ მასწავლებელს თანაშემწეები ჰყავს, ისინი დარბაზის აღმოსავლეთ მხარესთან ზურგშექცევით სხედან.

დღეს იაპონიაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიში პრაქტიკული წესები უფრო აგვარებენ დოჯოს ორიენტაცია — სპორტული დარბაზები ისეა აგებული, რომ შეუძლებელი ხდება ზემოხსენებული წესების დაცვა. თუმცა შიდა ორიენტაციის (კამიზა, შიმოზა და. ა. შ.) შენარჩუნება მაინც შესაძლებელია და მის დარღვევას გიაკუ-შიკი ეწოდება. მოწაფეების ტრადიციული განლაგებაც ასევე სხვადასხვაგვარად არის დისციპლინებისა და მასწავლებლების მიხედვით, უბრალოდ, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ დოჯოში ადგილია ყველაფრისთვის და ასევე ყველაფერს თავისი ადგილი აქვს დოჯოში.

ამ ადგილის არსში ჩასაწვდომად მხოლოდ ტექსტი არ კმარა, დოჯოს რაობის გასაგებად მისი საიდუმლოებების და კოდების გამოსაცნობად ერთადერთი ხერხი არსებობს — კარის შეღება და იქ საკუთარი ადგილის პოვნა…

P. S. თუ დოჯო დიდია, შეიძლება შიდენის, ანუ საგანგებო ადგილის გაკეთებაც, სადაც ფუძემდებლისა და შესაძლო წინა სენსეიების პორტრეტები თავსდება. ეს კეთდება ტოკონომაზე, ანუ შემაღლებულ ადგილზე და აქ გადის საზღვარი ტატამის სავარჯიშო ზონასა და წმინდა სივრცეს შორის. ტოკონომაზე შეიძლება დაიდგას შიჰანდაი (შიჰანის სკამი) და რაიშინსეკი (სკამი საპატიო სტუმრისათვის). თუმცა ამგვარი რამ იშვიათად ხდება იაპონიის ფარგლებს გარეთ.

P. P. S. სიტყვა „კამიზა“ დოჯოს გარეთაც, ჩვეულებრივ ყოფა-ცხოვრებაშიც იხმარება იაპონიაში. ის ყველაზე საპატიო ადგილს ნიშნავს, ვთქვათ, თვითმფრინავში, მატარებელში ან, თუნდაც მანქანაში. ოთახში კამიზა ყველაზე კომფორტულად დასაჯდომ ადგილს ნიშნავს, თბილსაც — რაკი ყველაზე ხშირად ის ყველაზე მეტადაა დაშორებული კარიდან, საიდანაც შეიძლება სიცივე შემოდიოდეს. ფეოდალიზმის დროს, სახლზე თავდასხმისას, ის ყველაზე დაცულ ადგილსაც ნიშნავდა.